თიბისი ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი და მისი პარტნიორის წინააღმდეგ პროკურატურაში დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ორგანიზაცია მოაწერს ხელს იმ კომპანიის თავმჯდომარესთან ერთად, რომლის წინააღმდეგაც იხსენება არარსებული საქმე", — თქვა თიბისის 20 პროცენტის მფლობელმა.

მისი თქმით, პარტნიორებთან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება პორტის აშენებაზე, ახლა კი, როცა ფინანსურ თანხმობას ელოდნენ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

"ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო მხარში გვიდგას. ეს მაშფოთებს, ერთი მხრივ, ჩვენ შეფერხება არ გვაქვს ამ პროექტთან მიმართებაში და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ასეთ განცხადებას, როცა გამოძიება დამთავრებული არ არის", — განაცხადა ხაზარაძემ.

ის უარყოფს ფულის გათეთრების საქმესთან კავშირს და ამბობს, რომ ყველა დოკუმენტი პარტნიორებს გადაუგზავნეს.

თიბისის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.