თბილისის მერია აპირებს ჟურნალ GQ-ს სათაო ოფისს მიმართოს და კითხოს რატომ მოხდა ქალაქის მერი კახა კალაძე 2019 წლის "რუსეთის ყველაზე მოდური კაცების" სიაში. როგორც On.ge-ს მერიაში განუმარტეს, კალაძე არასდროს ყოფილა რუსეთის მოქალაქე და მათთვის გაურკვეველია რა პრინციპით შეირჩა ეს სია.

GQ-ის რუსულმა გამოცემამ 2019 წლის 50 ყველაზე მოდური კაცის სია გამოაქვეყნა, რომელშიც კახა კალაძე მე-6, ბერა ივანიშვილი კი მე-9 ადგილს იკავებენ.

გამოცემა წერს, რომ კალაძემ ფეხბურთიდან პოლიტიკაში გადასვლის შემდეგაც არ დაკარგა "ხულიგნური" ჩაცმის სტილი და ის პიჯაკებში არ გაცვალა. GQ-ს თქმით, კალაძის ჩაცმულობა არანაკლებ შუქდება, ვიდრე მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკოსის რანგში.

"ჭორები თავიდანვე რომ უარვყოთ, იცოდეთ, რომ ჩვენ პიჯაკებს, ქუდს და ამ სიცილიურ ჩაცმულობასაც მხარს ვუჭერთ. საკუთარ თავს ჯანმრთელი ირონიის გრძნობით უნდა მიუდგე, კახამ ეს იცის", — წერია კალაძის დახასიათებაში.

კალაძე ამ სიაში 2017 წელსაც მოხვდა, მაშინ ის მე-7 ადგილზე გავიდა.