საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რაზეც საპატრიარქოც თანახმა იყო, თუმცა "ხელისუფლებამ თავი შეიკავა". მიტროპოლიტი ახლა ამბობს, რომ აღნიშნული მხოლოდ მისი ვარაუდია.

"მე არ ვამბობ, რომ ვიცი ეს საკითხი როგორი იყო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეკლესიის მხრიდან იყო მზადყოფნა, რომ მომხდარიყო შეწყალება. მე მახსოვს, ცნობილი იყო ასე, რომ ბატონი პრეზიდენტი აპირებდა, ასევე, მზად იყო ეკლესია და მე გავაკეთე დასკვნა, რომ რადგან ეს არ შედგა, ხომ არ იყო რაიმე ისეთი პროცედურა, რაც არ აძლევდა პრეზიდენტს ამის საშუალებას, ეს არის ჩემი ვარაუდი", — განმარტა მეუფე დანიელმა.

ექს-პრეზიდენტმა დეკანოზი რომ არ შეიწყალა, 27 სექტემბერს გახდა ცნობილი. შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ On.ge-სთან თქვა, რომ მამალაძის საქმეზე ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტზე ან კომისიის წევრებზე რაიმე ზეწოლას გამორიცხავს.