ჟურნალ GQ-ს რუსულმა გამოცემამ 2019 წლის რუსეთის ყველაზე მოდური კაცების სია გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და მომღერალი ბერა ივანიშვილი შეიყვანა.

თბილისის მერი წინა წელთან შედარებით ერთი პოზიციით დაწინაურდა და მეექვსე ადგილს იკავებს. ბერა ივანიშვილი კი სიაში მე-9 ადგილზე აღმოჩნდა და გადაუსწრო ისეთ ცნობილ რუს მომღერლებს, როგორებიც არიან ფილიპ კირკოროვი და BASTA.

გამოცემა წერს, რომ კალაძემ ფეხბურთიდან პოლიტიკაში გადასვლის შემდეგაც არ დაკარგა "ხულიგნური" ჩაცმის სტილი და ის პიჯაკებში არ გაცვალა. GQ-ს თქმით, კალაძის ჩაცმულობა არანაკლებ შუქდება, ვიდრე მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკოსის რანგში.

"ჭორები თავიდანვე რომ უარვყოთ, იცოდეთ, რომ ჩვენ პიჯაკებს, ქუდს და ამ სიცილიურ ჩაცმულობასაც მხარს ვუჭერთ. საკუთარ თავს ჯანმრთელი ირონიის გრძნობით უნდა მიუდგე, კახამ ეს იცის", — წერია კალაძის დახასიათებაში.

ბერას შესახებ მომზადებულ მოკლე ტექსტში კი ვკითხულობთ, რომ ქართველ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს ფრანგული ფესვები აქვს და ის ოსტატურად ირგებს სამ სხვადასხვა სტილს: პარიზელი ბიჭი 1960-იანი წლებიდან, მოდური რეპერი და ქართული ტრადიციების ერთგული. ამ უკანასკნელში დასარწმუნებლად კი გამოცემა მკითხველს ბერას საქორწილო ფოტოების ნახვას სთავაზობს.

"ამ სტილებიდან რომელია საუკეთესო თქმა რთულია. თითოეული მათგანი სრულყოფილია", — წერს GQ ბერაზე.

სიაში მოხვდა კიდევ ერთი წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე მომღერალი ლევან გოროზია, იგივე L' ONE.

GQ-მ რუსეთის ყველაზედ მოდური მამაკაცის წოდება მუსიკოს ფედუკს ერგოს მიანიჭა. მეორე ადგილზე ტელეწამყვანი ივან ურგანტი, მესამეზე კი მუსიკოსი სერგეი შნუროვი გავიდნენ.

განახლება: თბილისის მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ GQ-ს სათაო ოფისს მიწერენ და ჰკითხავენ რატომ მოხვდა კახა კალაძე რუსი მოდური კაცების სიაში.