იაპონის პრემიერ-მინისტრმა, შინძო აბემ, სავარაუდოდ, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური გამოცემა Asahi Shimbun მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს მთავრობამ იაპონიას სთხოვა ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების დალაგებისთვის დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარედგინა.

თვითონ ტრამპმა ჯერ კიდევ 16 თებერვალს განაცხადა, რომ იაპონიის სახელით ნობელის პრემიაზე წარადგინეს. როგორც პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შინძო აბემ მისცა წერილის ასლი, რომელიც მან ნობელის პრემიის კომიტეტს გაუგზავნა.

"სავარაუდოდ, მას ვერასდროს მივიღებ, მაგრამ არაუშავს", — განაცხადა ტრამპმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით იაპონიაში განმარტება ჯერ არ გაუკეთებიათ. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპისა და შინძო აბეს სავარაუდო საუბარზე ვერაფერს იტყოდა.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინის სამიტი პირველად 2018 წლის ივნისში გაიმართა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის მოქმედი ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. მათი მეორე სამიტი ვიეტნამში, 27-28 თებერვალს გაიმართება.

ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯეი ინი აცხადებდა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ განიარაღებასა და ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უნდა მიიღოს.

ტრამპისთვის ნობელის პრემიის მინიჭების მოთხოვნით კომიტეტს მისწერა რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წევრმა. მათივე აზრით, 2019 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს, რადგან მას კორეის ომის დასრულებაში, ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასა და მშვიდობის დამყარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.