დეკანოზის ადვოკატის მია ზოიძის თქმით, გიორგი მამალაძე წინა დღეებთან შედარებით თავს ცუდად გრძნობს. დღეს, 17 თებერვალს მამალაძე გამოკვლევებისთვის ღუდუშაურიდან ავერსის კლინიკაში გადაიყვანეს.

"თვითონაც თავს შედარებით ცუდად გრძნობს, ვიდრე წინა დღეებში. მაგალითად, მეტყველება დღეს უფრო უჭირს, ვიდრე წინა დღეებში და თავს გრძნობს უფრო ცუდად, ვიდრე თვითშეგრძნება მას ჰქონდა. ისევ ვერ გადაადგილდება", — ამბობს მია ზოიძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 16 თებერვალს ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დეკანოზი ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა აზიარა. თორნიკე მამალაძე ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს. დეკანოზის ზიარებისა და გათავისუფლების მოთხოვნით მან საპატრიარქოსთან კარავი გაშალა.

დღესაც დეკანოზის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. სასულიერო პირის ძმამ, თორნიკე მამალაძემ პატრიარქს მოუწოდა, დეკანოზის შეწყალებისთვის პრეზიდენტს მიმართოს.