ეს შეიძლება სიგიჟედ ჟღერდეს, მაგრამ მეცნიერები აცხადებენ, რომ წითელი პლანეტისაკენ გაგზავნილი პირველი პილოტირებული მისიის წარმატება შესაძლოა იმაზე იყოს დამოკიდებული, ეყოლებათ თუ არა მათ ბორტზე პროფესიონალი კომიკოსი.

როგორც ჩანს, მომავალ ასტრონავტებს მარსზე გასამგზავრებლად შეიძლება იმის დამტკიცება მოუწიოთ, რომ მათ კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. კვლევა აჩვენებს, რომ კომიკოსებს სტრესულ სიტუაციაში გუნდის ერთად შეკვრა და გაერთიანება შეუძლიათ.

"ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ, რომ გუნდი გააერთიანონ. სხვებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში პატარა სივრცეში ცხოვრებისას დაძაბული სიტუაციების შექმნის დიდი შანსია. ასტრონავტებს, რომლებსაც გეზი მარსისაკენ ექნებათ აღებული გზაში რამდენიმე ადამიანთან ერთად თვეების განმავლობაში მოუწევთ ყოფნა, თანაც შეზღუდულ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ბორტზე არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც დაძაბული სიტუაციების განმუხტვა შეეძლება. ეს საკითხი კრიტიკული მნიშვნელობისაა", - აცხადებს ფლორიდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ჯეფრი ჯონსონი.

ჯონსონი ზამთარში ანტარქტიკაზე მცხოვრები სამეცნიერო გუნდების შემადგენლობას იკვლევდა და მან აღმოაჩინა, რომ გუნდში გამრთობების, ლიდერების, მეგობრების, მთხრობელების, მშვიდობის მოსურნეებისა და მრჩევლების ყოფნა გუნდის წარმატებისთვის აუცილებელია. მან აღმოაჩინა, რომ მსგავსი შემადგენლობა ყველა ქვეყნის გუნდს ახასიათებდა. აღსანიშნავია, რომ ანტარქტიკაზე ზამთარში დარჩენილი ადამიანები თვეების განმავლობაში გარესამყაროს მოწყვეტილნი არიან.

"ეს არაფორმალური როლებია, რომლებიც ადამიანების ერთად ცხოვრების დროს თავს თავისით იჩენს. საინტერესო ის არის, რომ თუ გუნდში ადამიანების სწორი კომბინაციაა, გუნდი ძალიან წარმატებულად მუშაობს, ხოლო საჭირო ადამიანების არარსებობის დროს, შედეგი ბევრად უფრო უარყოფითია", - აცხადებს ის.

გეგმის მიხედვით, ნასას ასტრონავტებმა 2023 წელს მთვარეს უნდა შემოუფრინონ, ეს მარსის მისიისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნება. მარსზე ადამიანების გაგზავნას ნასა 2033 წლისთვის გეგმავს. რუსული და ჩინური კოსმოსური სააგენტოები მარსის პილოტირებულ მისიებს 2040 წლის შემდეგ გეგმავენ. მარსი დიდ ინტერესს წარმოადგენს კერძო კომპანიებისთვისაც, განსაკუთრებით კი ილონ მასკის SpaceX-ისთვის.

ფოტო: iStock

მარსისკენ პილოტირებული მისიის გაშვება მარტივი არ არის. საშუალოდ, მარსი დედამიწიდან 225 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული, ერთ გზას კი დაახლოებით რვა თვე სჭირდება. ამხელა მანძილს ასტრონავტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენა აუცილებლად ექნება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ძალიან დიდი მანძილების გამო მისიის განმავლობაში ასტრონავტებთან პირდაპირი კომუნიკაცია შეუძლებელი იქნება, ეკიპაჟისკენ გაგზავნილ სიგნალს დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად 20 წუთამდე დასჭირდება. საგანგებო მდგომარეობაში მათ პირდაპირ რეჟიმში დედამიწასთან დაკავშირება არ შეეძლებათ, ამიტომ ეკიპაჟმა სრულად დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს.

კომუნიკაციის ოდნავი შეყოვნებაც კი ეკიპაჟზე უარყოფით გავლენას ახდენს. ნასამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებთან კომუნიკაცია 50-წამიანი შეყოვნებებით ცადა, რის შედეგადაც მათ აღმოაჩინეს, რომ ასტრონავტებში გაღიზიანებადობამ და სტრესმა სწრაფად მოიმატა.

ჯონსონი ამჟამად ნასასთან მუშაობს, რათა დადგინდეს, აუცილებელია თუ არა წარმატებისათვის გრძელვადიანი მისიების ბორტზე კლოუნებისა და გამრთობების არსებობა. ექსპერიმენტები უკვე ჩატარდა ასტრონავტების ოთხ ჯგუფზე, რომლებმაც ხელოვნურ ხომალდებში 30-დან 60 დღემდე გაატარეს.

"ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, ანტარქტიკის მსგავსად, მოხდება თუ არა ხომალდებში ეკიპაჟის წევრების როლების არაფორმალური გადანაწილება. წინასწარი შედეგებით ამ კითხვაზე პასუხი დადებითია", - აცხადებს ჯონსონი.

ჯონსონის თქმით, ნორვეგიელი მკვლევარი რუალ ამუნდსენი ექსპედიციებში გამრთობის ყოლას ძალიან აფასებდა. 1910 წელს ამუნდსენმა ექსპედიციის მზარეულად ადოლფ ლინდსტრემი აირჩია, რომელიც იუმორის გრძნობითა და არტისტიზმით გამოირჩეოდა. ამუნდსენმა იცოდა, რომ ლინდსტრემი ეკიპაჟის წევრებს გრძელი პოლარული ღამეების გადატანაში დაეხმარებოდა.

"ლინდსტრემს ნორვეგიული პოლარული ექსპედიციისთვის იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს", - ნათქვამია ამუნდსენის პირად დღიურში.

"ლინდსტრემს სხვები აღიქვამდნენ, როგორც გენიალურ კომიკოსს, რომელიც ექსპედიციის წევრების შემართებასა და მხნეობას აძლიერებდა. ექსპედიციის წარმატებაში მისი როლი არაფორმალური, თუმცა კრიტიკული მნიშვნელობის იყო. შედარებისთვის, რობერტ სკოტის პოლარული ექსპედიცია რადიკალურად განსხვავებული იყო, მასში მყოფი ეკიპაჟის წევრები პატარ-პატარა ჯგუფებად დაიყვნენ, გუნდს ერთიანობა არ გააჩნდა", - აცხადებს ჯონსონი.

თუმცა, ჯონსონის თქმით, მხოლოდ კარგი იუმორის გრძნობა ეკიპაჟის წევრობისათვის საკმარისი არ იქნება. მაგალითად, ლინდსტრემის შემთხვევაში მზარეულობა და კომიკოსობა კარგი კომბინაცია აღმოჩნდა.