პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თიბისი ბანკის საქმეს გამოეხმაურა და მოუწოდებს მხარეებს, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. მისივე თქმით, ეს არის ჩარჩოში მოქცეული "პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია" და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"თიბისი ბანკი არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ თიბისი ბანკი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ასევე, სპეკულაციაა აღნიშნული თემის დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია.

თიბისის საქმე

თიბისის ხელმძღვანელი პირების გადაყენების მოთხოვნაზე ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გაავრცელა. ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას 2-თვიანი ვადა მისცეს მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

თიბისი ბანკში ამბობენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად. მათივე თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც აქამდე, საქმიანობას აგრძელებენ თიბისი ჯგუფის ბრიტანული ჰოლდინგის TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის მფლობელი მშობელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებზე. მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ყველა საშუალებით დაიცავენ ბანკს და აქციონერების სამართლებრივ უფლებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას "მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა" უწოდა.

ბანკის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პროკურატურის მიერ ამოღებული დოკუმენტები ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას. ბანკში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმე ეხება კერძო კლიენტის საბანკო ოპერაციას, რასაც ვერ გაასაჯაროვებენ. პროკურატურაში არ ამბობდნენ, რა საქმესთან დაკავშირებით ამოიღეს ბანკიდან ინფორმაცია, თუმცა განმარტავდნენ, რომ დოკუმენტები ომეგა ჯგუფის საქმეს არ ეხებოდა.