ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საქართველოს საპატრიარქოსთან მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დეკანოზის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მოუწოდა პატრიარქს, მსჯავრდებულის შეწყალებისთვის პრეზიდენტს მიმართოს:

"ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. რადგან ჩემი ძმა არის სასულიერო პირი, მათი მღვდელია, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პატრიარქს, შეასრულოს თავის თავზე დაკისრებული მდგომარეობა მწყემსი კეთილის და მიმართოს პრეზიდენტს", — განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

აქციის დროს ერთ-ერთი მონაწილე ინიციატივით გამოვიდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გიორგი მამალაძე გაეთავისუფლებინათ და მონასტერში გაემწესებინათ. როგორც დეკანოზის ძმამ On.ge-ს უთხრა, რომ მისთვის მთავარია სასულიერო პირმა საპყრობილე დატოვოს და ის წავა თუ არა მონასტერში, ეს ეკლესიის გადასაწყვეტია:

"ჩემი ძმა დღემდე ემორჩილება ეკლესიას, რადგან ამ ეკლესიის წევრია. ის წავა მონასტერში თუ არა, გადაწყვიტოს მისმა უწმინდესობამ".

აქციაზე მხარდამჭერებს შორის იყვნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე. გარდა ამისა, მათ შეუერთდათ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

დეკანოზი გიორგი მამალაძე 16 თებერვალს ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დეკანოზი ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა აზიარა. თორნიკე მამალაძე ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს. დეკანოზის ზიარებისა და გათავისუფლების მოთხოვნით მან საპატრიარქოსთან კარავი გაშალა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.