მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემის ძირეული რეფორმის მოთხოვნით სოციალურმა მუშაკებმა პეტიცია შექმნეს. პეტიციით ისინი ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტსა და მთავრობას მიმართავენ.

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ წლების წინ ბავშვთა ზრუნვის სისტემის წარმატებით დაწყებული რეფორმა ვეღარ ფუნქციონირებს და ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს მორგებული არაა.

მათივე თქმით, გადაწყვეტილების მიმღები პირები სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ადეკვატურად არ რეაგირებენ. როგორც პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ, სოციალური მუშაკები დატვირთული არიან ისეთი ვალდებულებებით, რაც მათ ფუნქციებს არ შეესაბამება, ხოლო არსებული რესურსით ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების ეფექტურად დაცვა შეუძლებელი ხდება.

"უწყებაში არსებობს ადამიანური და ფინანსური რესურსების კრიტიკული დეფიციტი. არ ვითარდება და დახურვის პირასაა ბენეფიციარებზე ზრუნვის მომსახურებები. მშობლებს არ მიეწოდებათ პოზიტიური მშობლობის და ბავშვთა უფლებების შესახებ მინიმალური განათლება, ფაქტობრივად, არ არსებობს ოჯახის მხარდამჭერი და სარეაბილიტაციო მომსახურებები, არ არსებობს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების და მათი ოჯახების გამაძლიერებელი მომსახურებები. სხვადასხვა საჭიროების მქონე ხანდაზმულებისათვის ფაქტობრივად არ არსებობს დღის ცენტრის სერვისი ან საკმარისი ოცდაოთხსაათიანი მომსახურება. ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებში ჩართული ვერცერთი სუბიექტი ჯეროვნად ვერ/არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. უწყებებს შორის კოორდინაცია რჩება გადაუჭრელ პრობლემად", — ნათქვამია პეტიციაში.

რეფორმის ცვლილებისთვის ისინი შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ:

  • სამინისტროს ბაზაზე შეიქნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებულნი იქნებიან პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, პროფესიული თემი, სფეროს ექსპერტები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კანონი სოციალური მუშაობის შესახებ შექმნის პროცესში;
  • გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაიაზრონ სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის, მანდატი, სოციალური მუშაკების როლი ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში და შესაბამისად განისაზღვროს მათი პასუხისმგებლობები, შემუშავდეს და გაუმჯობესდეს სამუშაო ინსტრუმენტები, მეთოდები და მომსახურებები;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილნი იყვნენ პროფესიული გაძლიერების/მხარდაჭერისა და სუპერვიზიის გამართული მექანიზმით;
  • გაიმართოს ბავშვებთან მომუშავე უწყებების კოორდინაციის მექანიზმი ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკიაციის, რეაგირებისა და მონიტორინგის პროცესში.
  • დაუყოვნებლივ გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა, განისაზღვროს მათი სამუშაო დატვირთვა და გაუმჯობესდეს მათი სამუშაო გარემო და პირობები.

გარდა ამისა სოციალური მუშაკები ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ღია შეხვედრას ითხოვენ.

8 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა აქცია გამართეს და ჯანდაცვის სამინისტროს წერილით მიმართეს. მათ დაუყოვნებლივი რეფორმების გატარება მოითხოვეს იმისთვის, რომ ეფექტურად შეძლონ საქმიანობის განხორციელება. მათი თქმით, უწყებას აქამდეც მიმართეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.

სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ნორმალური სამუშაო სივრცე, სადაც იმ ადამიანებს მიიღებენ, ვისაც დახმარებას უწევენ. მათივე თქმით, სერვისების არარსებობა ართულებს მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის პროცესს. გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეები ანაზღაურებისა და კადრების დამატებას ითხოვენ.

ამავე თემაზე: