ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა ღუდუშაურის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი მამალაძეს მარჯვენა მხარე გაჩერებული აქვს და მოძრაობა არ შეუძლია.

მამა ნიკოლოზმა დეკანოზი კლინიკაში ცოტა ხნის წინ აზიარა. იგი ამისთვის სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდა:

"ორშაბათისთვის უნდა ჩამოვსულიყავი და უნდა მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დამეჩქარებინა, დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. ღვთის წყალობით ეზიარა მამაო".

დღეს, 16 თებერვალს ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა თქვა, რომ პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში რჩება შემდგომი მონიტორინგისთვის. მან ასევე ჟურნალისტებს უთხრა ისიც, რომ დეკანოზის ცნობიერება "ნათელი, ადეკვატური და კონტაქტურია".

დეკანოზი საავადმყოფოში გუშინ, 15 თებერვალს გადაიყვანეს. შემთხვევის შემდეგ გიორგი მამალაძის ოჯახმა 17 თებერვალს, 12 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსა საპატრიარქოსთან. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. იგი მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს. დეკანოზის ზიარებისა და გათავისუფლების მოთხოვნით მას დღემდე საპატრიარქოს შენობის წინ კარავი აქვს გაშლილი.

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.