ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში ბათუმის მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა აზიარა. ამისათვის ის სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდა.

სასულიერო პირის თქმით, ის ორშაბათისთვის გეგმავდა ზიარებას, თუმცა რადგან დეკანოზი საავადმყოფოშია, ამჯობინა დღესვე ჩამოსულიყო:

"ღვთის წყალობით ეზიარა მამაო. იმედია, მალე განიკურნება. როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული. იმედია, ღვთის წყალობით კარგად გახდება. ნანობს თუ არა, ეს უკვე აღსარების საკითხია. მამაოს გადაადგილება არ შეუძლია".

გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ მამა ნიკოლოზის მიერ ზიარება არ ყოფილა მათი მოთხოვნა. მისი განმარტებით, ისინი მოითხოვენ, საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირს ან სინოდის წევრს მიეღო ეს გადაწყვეტილება — ან თავად ეზიარებინათ, ან საჯაროდ სხვა მღვდელმსახურისთვის გადაებარებინათ:

"ეს იყო ერთჯერადი რამ. დეკანოზის მოძღვარი ჩამოვიდა და აზიარა".

ადვოკატი აცხადებს, რომ ხვალ საპატრიარქოსთან დაგეგმილ აქციაზე კვლავ გააჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. იგი საავადმყოფოში გუშინ, 15 თებერვალს გადაიყვანეს. ექიმი თქმით, პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში რჩება შემდგომი მონიტორინგისთვის.

"მისი ცნობიერება ნათელია, ადეკვატურია, კონტაქტურია, მაგრამ ასეთ მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა", — განმარტავს ექიმი.

შემთხვევის შემდეგ გიორგი მამალაძის ოჯახმა 17 თებერვალს, 12 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსა საპატრიარქოსთან. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ზიარებისა და დეკანოზის გათავისუფლების მოთხოვნით მას დღემდე საპატრიარქოს შენობის წინ კარავი აქვს გაშლილი.

დეკანოზის ოჯახის წევრების აქცია საპატრიარქომ ეკლესიაზე ზეწოლად შეაფასა. თუმცა, პატრიარქმა გადაწყვიტა დეკანოზის ზიარების უფლება მისცეს იმ მღვდელმსახურებს, ვინც "პასუხისმგებლობას" მხოლოდ საკუთარ თავზე აიღებენ.

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.