დედამიწის ორბიტაზე არსებულმა ბრიტანულმა თანამგზავრმა კოსმოსური ნაგვის შეგროვების ერთ-ერთი მეთოდი გამოსცადა: მან სამიზნე პანელი სპეციალური ბარჯით დაიჭირა.

ახალ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ისვრის თანამგზავრი ბორტზე განთავსებულ ბარჯს, რომელიც დაახლოებით 1,5 მეტრით დაშორებულ სამიზნეს ხვდება.

აღნიშნული გამოცდა სურეის უნივერსიტეტის RemoveDEBRIS პროგრამის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც კოსმოსური ნაგვის შეგროვების სხვადასხვა მეთოდების გამოცდაა. ბოლო რამდენიმე ათწლეულია დედამიწის ორბიტაზე დაგროვებული ნაგავი დიდ პრობლემად იქცა. კოსმოსური ნაგავი, რომელიც ძირითადად ხომალდების მიმოფანტული უფუნქციო კომპონენტებისგან შედგება, თანამგზავრებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ამ ობიექტების სიჩქარე ხშირად საათში 27 000 კილომეტრს აჭარბებს, ასეთ სიჩქარეებზე პატარა ნაწილაკის შეჯახებასაც კი შეუძლია, რომ ფუნქციური თანამგზავრი დააზიანოს და მწყობრიდან გამოიყვანოს, რაც თავისმხრივ დამატებითი კოსმოსურ ნაგავს ქმნის.

ამის გამო კოსმოსური ნაგვის შეგროვება და დედამიწის ორბიტიდან უსარგებლო ობიექტების მოშორება მრავალი ადამიანის ინტერესშია. RemoveDEBRIS-ის თანამგზავრი ორბიტაზე 2018 წელს საერთაშორიო კოსმოსური სადგურიდან გავიდა. ხომალდი კოსმოსური ნაგვის საწინააღმდეგოდ რამდენიმე სხვადასხვა იარაღით არის აღჭურვილი. ბარჯის გამოყენებამდე ხომალდმა კოსმოსური ნაგვის დასაჭერად სპეციალური ბადე წარმატებით გამოცადა.

RemoveDEBRIS-ის მეცნიერები აცხადებენ, რომ კოსმოსური ნაგვის წინააღმდეგ ბარჯის გამოყენება შესაძლოა კარგი მეთოდი იყოს.

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მსგავსი მეთოდი მუშაობს. თუმცა, დიდი ზომის ობიექტების დასაჭერად უფრო დიდი ზომის ბარჯი იქნება საჭირო", - აცხადებს RemoveDEBRIS-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გულიემო ელიეტი.

მარტში ხომალდი სპეციალურ იალქანს გაშლის, რომელიც თანამგზავრის ზედაპირის ფართობს გაზრდის, რის შედეგადაც ხომალდი დედამიწის ატმოსფეროში დაეშვება და განადგურდება.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მომავალში შესაძლოა ნაგვის შემგროვებელმა თანამგზავრებმა ბარჯების გამოყენებით ორბიტაზე არსებული უსარგებლო ობიექტები დაიჭირონ, შემდეგ კი სპეციალური იალქნების საშუალებით დაჭერილ ობიექტებთან ერთად ატმოსფეროს ქვედა ფენებში გადაადგილდნენ, სადაც ისინი ერთად დაიწვებიან.