ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 64,8 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც უწყება განმარტავს, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 184% (3 368 361), უკრაინა - 75% (3 042 192), ბელარუსი - 47% (667 656), რუსეთი - 45% (14 664 610), პოლონეთი - 34% (1 367 960), ესტონეთი - 39% (413 364), ყირგიზეთი - 107% (163 966), აშშ - 10% (171 316) იაპონია - 12% (101 448), დიდი ბრიტანეთი - 65% (67 522), ლატვია 9% (772 926) და სხვა.

ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 14 664 610 ბოთლი
  • ჩინეთი - 3 368 361 ბოთლი
  • უკრაინა - 3 042 192
  • ყაზახეთი - 2 287 826 ბოთლი
  • პოლონეთი - 1 367 960

გარდა ამისა, უწყების ცნობით, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 804 910 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს:

"მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა დასაბრენდი სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 108 700 ათასი მილიონ დოლარს მიაღწია. გასული წლის 8 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 82 მილიონ დოლარს შეადგენდა".