დღეს, 15 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოსა და EUROJUST-ს შორის შეთანხმების გაფორმების საკითხს კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. საქართველოსთან შეთანხმების გაფორმებას მხარი 555-მა დეპუტატმა დაუჭირა, 29 წინააღმდეგი იყო, ხოლო 20-მა თავი შეიკავა. ხელშეკრულების გაფორმებაზე შემდეგი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს.

EUROJUST-თან შეთანხმება საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს უფრო სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული.

EUROJUST სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. ევროკავშირის წევრი თითოეული სახელმწიფო EUROJUST-ში წარმოდგენილია მეკავშირე მაგისტრატით ან პროკურორით. მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებსაც (აშშ, ნორვეგია, შვეიცარია და აშ). შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოსაც, როგორც პარტნიორ სახელმწიფოს, ანალოგიური შესაძლებლობა მიეცემა. საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST შეთანხმებას გააფორმებს.