ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, თიბისი ბანკის საქმეში არის "სერიოზული ბრალდებები", რასაც სჭირდება დეტალური გამორკვევა.

"ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს. აქ არის ძალიან დიდი სამართლებრიივ კომპონენტი, იმედი მაქვს რომ ჩვენი სამართლადამცავი უწყებები და მათ რიცხვში, რა თქმა უნდა, პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში", — ამბობს გიორგი ქობულია.

თიბისის ხელმძღვანელი პირების გადაყენების მოთხოვნაზე ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა. მათივე განმარტებით, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

თიბისი ბანკის განცხადებით, აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას "მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა" უწოდა.

ბანკის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პროკურატურის მიერ ამოღებული დოკუმენტები ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას. ბანკში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმე ეხება კერძო კლიენტის საბანკო ოპერაციას, რასაც ვერ გაასაჯაროვებენ. პროკურატურაში არ ამბობდნენ, რა საქმესთან დაკავშირებით ამოიღეს ბანკიდან ინფორმაცია, თუმცა განმარტავდნენ, რომ დოკუმენტები ომეგა ჯგუფის საქმეს არ ეხებოდა.