დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურის მამა გიორგი ფირცხელანის ინიციატივით, მთავრობისა და პარლამენტის დახმარებით, ოჯახში ძალადობის საკითხებში ეკლესიის, როგორც მედიატორის ფუნქცია უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ მან პორტალ კვირას პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სასულიერო პირის თქმით, ინიციატივის საფუძველია, სამართალდამცავები კარგად გაერკვნენ, რა არის კონფლიქტი და რა არის ძალადობა.

გიორგი ფირცხელანის თქმით, ციხიდან უნდა გამოუშვან ის ადამიანები, "რომელთა ოჯახის წევრები დაზარალდნენ და "უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნენ".

"ბოროტება კი არ შემცირდა მათი იზოლირებით, არამედ გაბევრდა და გაიზარდა. რეგულაციები შეიცავენ საგანგაშო ხარვეზებს", — ამბობს სასულიერო პირი.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების ფონზე ძალიან ცუდი იქნება, შეიქმნას ხელოვნური მიზეზები ოჯახების ნგრევისთვის:

"ძალადობის აღკვეთას თავისი გზები აქვს, როგორც პირდაპირი, ასევე, არაპირდაპირი. პირდაპირი გზები ესაა მოძალადის იზოლაცია, არაპირდაპირი ესაა იმ სიღრმისეულ გზებზე მსჯელობა, რის გამოც წარმოიშვება ძალადობა. მე პირადად ოთხი შემთხვევა მაქვს, როდესაც ხისტი დამოკიდებულების შედეგად დაინგრა ოჯახი. კონფლიქტის დარეგულირება სხვანაირად უნდა მოხდეს, ძალადობის შემთხვევები კი რა თქმა უნდა აღკვეთილი უნდა იყოს ყველანაირი სიმკაცრით".

ფირცხელანი განმარტავს, რომ რამდენიმე დღის წინ ოჯახში ძალადობის შემცირების თემაზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა, რასაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ესწრებოდა.

"[სოფო კილაძემ], რომელიც ესწრებოდა ამ შეხვედრას აღნიშნა, რომ თავიდან მათი მიდგომა იყო ძალიან ხისტი. ამ მიდგომამ, რა თქმა უნდა, თავისი შედეგები გამოიღო. როგორც მან აღნიშნა, დადგა დრო, ხისტი მიდგომები დაიხვეწოს".

ფირცხელანის თქმით, ეკლესიას არ აქვს ბრალმდებლის როლი, არამედ, ფიქრობს, რომ ეკლესიას შეუძლია სიყვარულით მოაგვაროს ყველა პრობლემა.

"ჩვენ ძალიან აქტიური მუშაობა გვაქვს პარლამენტთან და ისინიც არასდროს არ ტოვებენ ჩვენს შეხვედრებს სამებაში. დიდი მადლობის მოხდით გვეთანამშრომლებიან მთავრობის წარმომადგენლებიც", — ამბობს მღვდელმსახური.