სან ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას კვალდაკვალ საქართველო ყოველწლიურად სტარტაპ გრაინდის გლობალურ კონფერენციას უმასპინძლებს.

გუგლის კამპუსში, სილიკონ ველიზე (აშშ, სან-ფრანცისკო), ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, Startup Grind-ის დამფუძნებელმა დერეკ ანდერსენმა და საქართველოში წარმომადგენელმა კოლინ დონაჰუმ მოაწერეს.

ფოტო: ტექნოპარკი

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აშშ - ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ლევან ბერიძეც ესწრებოდა.

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ გაერთიანებაა, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მლნ ენტრეპრენერს აერთიანებს. ღონისძიების ძირითადი მიზანია მსოფლიო მასშტაბით სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის განვითარება.

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. Startup Grind Tbilisi უმასპინძლებს მაღალი კლასის სპიკერებსა და საერთაშორისო მონაწილეებს. ღონისძიება ხელს შეუწყობს რეგიონალური სტარტაპების, ინვესტორებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მთავარი მოთამაშეების საქართველოში ჩამოსვლასა და ოპერირებას.

ფოტო: ტექნოპარკი

სტარტაპ გრაინდის რეგიონალური ღონისძიების საქართველოში ჩატარებით, ჩვენს ქვეყანას უნიკალური და უპრეცედენტო შესაძლებლობა ეძლევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება რეგიონში ჯერ არ ჩატარებულა და მისი მხარდამჭერი თბილისის მერია იქნება.

როგორც ტექნოპარკში ამბობენ, მსგავსი ტიპის ღონისძიებები და ინიციატივები კიდევ უფრო უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.