თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და კ2 კოეფიციენტების გაყიდვა. კ2 კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები. იგი შენობის სიმაღლეს და სიგანეს განსაზღვრავს გარკვეულ ტერიტორიებზე — კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან (მეათედის სიზუსტით).

"ეს პრაქტიკა 2005 წლიდან დამკვიდრდა და დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვაზე, თბილისის მიწათსარგებლობუის გენგეგმით", — განაცხადა თბილსიის მერმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე.

კალაძის თქმით, გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და საკრებულოს უმრავლესობასთან ერთად მიიღო. მერმა აღნიშნა ისიც, რომ კონსულტაციებში ჩართული იყო სამშენებლო სექტორიც. მისივე თქმით, სამშენებლო სექტორმა ინიციატივა გაიზიარა და მხარი დაუჭირა.

როდესაც სამშენებლო კომპანია კ2 კოეფიციენტს ამეტებს, ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე იმ მოსახლეობაზე მეტი რაოდენობის დასახლება ხდება, ვიდრე მიზანშეწონილია.