თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ყველა საშუალებით დაიცავენ ბანკს და აქციონერების სამართლებრივ უფლებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში. ამის შესახებ ხაზარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

"ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას".

ხაზარაძე წერს, რომ დიდ ეჭვს იწვევს "აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება" და მათი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება მაშინ, როდესაც ახლოსაა ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელება.

"მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი".

თიბისის ხელმძღვანელი პირების გადაყენების მოთხოვნაზე ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით ერთი საათის წინ გაავრცელა. მათივე განმარტებით, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

თიბისი ბანკში აპირებენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას "მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა" უწოდა.

ბანკის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პროკურატურის მიერ ამოღებული დოკუმენტები ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას. ბანკში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმე ეხება კერძო კლიენტის საბანკო ოპერაციას, რასაც ვერ გაასაჯაროვებენ. პროკურატურაში არ ამბობდნენ, რა საქმესთან დაკავშირებით ამოიღეს ბანკიდან ინფორმაცია, თუმცა განმარტავდნენ, რომ დოკუმენტები ომეგა ჯგუფის საქმეს არ ეხებოდა.