20 თებერვალს ქართველი ხელოვანის, ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური პროექტი STOICHEÎON 金星 სინგაპურში, Objectifs Chapel Gallery-ში გაიხსნება.

სტიქიონი (STOICHEÎON) ორ მონუმენტურ ვიდეოინსტალაციასა და იაპონური ტუშით, აზიური კულტურის გავლენით შექმნილ ნახატებს აერთიანებს.

პროექტის სახელწოდება ანტიკურ ფილოსოფიას უკავშირდება, რომლის თანახმადაც სტიქია / სტიქიონი, ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი (ჰაერი, წყალი, მიწა, ცეცხლი) ბუნების ყველა მოვლენის საფუძველია. პროექტი არის მცდელობა, გაიაზროს შეზღუდული რაოდენობის ელემენტების ურთიერთქმედებით შექმნილი სამყაროს სირთულე და მრავალფეროვნება.

გამოფენაზე სასაუბროდ On.ge ხელოვანს დაუკავშირდა:

რამდენად დიდია აზიური კულტურისა და სინგაპურის გავლენა გამოფენილ ნამუშევრებზე?

"ახალ წელს ჰაერში შევხვდი, 31 დეკემბრის ღამეს თვითმფრინავში ვიჯექი და პირველად მივემგზავრებოდი ამერიკიდან აზიაში, ქალაქ სინგაპურში.

ქალაქ-სახელმწიფო, რომლის ნაწილი, რაც ახლა ერთ-ერთი ცენტრალური ტურისტული ზონაა, ახლო წარსულში წყალს ეკავა. ესაა ქალაქი, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს ადამიანთა უსაზღვრო შესაძლებლობებს. თითქოს, ლუკ ბესონის "მეხუთე ელემენტი" ცოცხლდება, სადაც კაცობრიობა ფუტურისტულ სამყაროში იმყოფება.

სწორედ აზიური კულტურა და მომავლის სამყაროს პულსაცია იქცა ჩემი ახალი მულტიმედიური პროექტის ინსპირაციად, რომელიც ამ სასიცოცხლო ელემენტების ირგვლივ ვითარდება"

ნამუშევრები ორი თვის მანძილზე სინგაპურის ხელოვნების რეზიდენციაში იქმნებოდა. ლევან სონღულაშვილმა რეზიდენციის ერთი მხატვრისთვის განკუთვნილი გრანტიც მოიპოვა.

გამოფენა ორგანიზებულია სინგაპურის კინოსა და ფოტოგრაფიის ცენტრ Objectiff-ის, Instinc-ის და გალერეა ერთის თანამშრომლობით.

მულტიმედიური პროექტის ნახვას ვიზიტორები სინგაპურის გალერეა Chapel-ში 19 თებერვლიდან 24 თებერვლამდე შეძლებენ.