NASA-ს მარსმავალის, Opportuniy-ს მისია წითელ პლანეტაზე ოფიციალურად დასრულდა. ელემენტებზე მომუშავე პატარა რობოტი 2018 წლის ნოემბერში მარსზე ამოვარდნილ ქარიშხალში მოჰყვა, რის გამოც მისმა ელემენტებმა რობოტის კრიტიკული სისტემების ენერგიით უზრუნველყოფა ვეღარ შეძლო, შედეგად კი რობოტის ტემპერატურა დაეცა და Opportunity მწყობრიდან გამოვიდა.

Opportunity მარსზე 2004 წელს დაეშვა, თავდაპირველად მისი მისია მხოლოდ სამ თვეზე იყო გათვლილი, თუმცა რობოტმა მარსზე 15 აქტიური წელი გაატარა.

13 თებერვალს ხომალდთან დაკავშირების უკანასკნელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ NASA-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ რობოტმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რის შედეგადაც ჩნდება ერთი კითხვა.

რა ბედი ელის მკვდარ რობოტს?

Opportunity-ს კვალი

Opportunity-ს კვალი

ფოტო: NASA/JPL-Caltech/Cornell/ASU

ცნობილია, რომ ჩვენს მიერ დამზადებული ნივთებისა და მოწყობილობების დიდი ნაწილი დედამიწის დამცავი ბიოსფეროს გარეშე დიდ ხანს ვერ გაძლებს. მაგალითად შეგვიძლია ილონ მასკის მიერ კოსმოსში გაშვებული ტესლა ავიღოთ, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ გაშვებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში მზის რადიაცია და მიკრომეტეორიტები კოსმოსში მოხეტიალე ტესლას დიდწილად გაანადგურებდა, მართალია ამის გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ ფიზიკის კანონების გათვალისწინებით, აღნიშნული ვარაუდი რეალობას მოკლებული არ არის. თუმცა ტესლას კონსტრუქციაში ორგანული ნაერთები და პლასტმასი დიდი რაოდენობითაა გამოყენებული, იგივეს კი მარსის რობოტებზე ვერ ვიტყვით. მარსმავალები ბევრად უფრო გამძლე, მტკიცე მასალისგან არიან აგებულნი, რის გამოც ისინი კოსმოსის, ამ შემთხვევაში კი მარსის, მკაცრ პირობებს უკეთ ეგუებიან.

კრატერი ენდევორი და Opportunity-ს ჩრდილი

კრატერი ენდევორი და Opportunity-ს ჩრდილი

ფოტო: NASA/JPL-Caltech/Cornell/Arizona State Univ.

ჯეფ მორში ტენესის უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერების პროფესორი და Opportunity-ს გუნდის წევრია, ის მარსმავალების კონსტრუქციის ექსპერტი არ არის, თუმცა ჯეფი აცხადებს, რომ Opportunity-ს გარკვეულ სისტემებში პლასტმასი ნამდვილად არის გამოყენებული, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში მარსზე არსებული მზის რადიაცია დააზიანებს.

"თუმცა, დიდწილად, რობოტი ისეთივე დარჩება, როგორიც გავუშვით. დაზუსტებით რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ თუ მას ოდესმე ასტრონავტები ჩააკითხავენ, ის საკმაოდ მტვრიანი იქნება", - აცხადებს ჯეფი.

ეს იმ შემთხვევაში, თუ ასტრონავტები რობოტს მომავალი ერთი, ან ორი საუკუნის განმავლობაში ჩააკითხავენ. უფრო დიდი დროის გასვლის შემთხვევაში კი რობოტი ქვიშით მნიშველოვნად დაიფარება.

Opportunity-ს ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მარსულ ქარებში იმალება. რობოტის ქვიშით დაფარულ მზის ელემენტებს მარსზე ამოვარდნილი მსუბუქი ქარი რეგულარულად წმენდდა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი საკამათოა, ამ ბრძოლაში ქარი გაიმარჯვებს, თუ მარსის ქვიშა.

ქარის შედეგად გაწმენდილი მზის ელემენტები

ქარის შედეგად გაწმენდილი მზის ელემენტები

ფოტო: NASA/JPL-Caltech/Cornell Univ./Arizona State Univ.

რა მოხდება, თუ რობოტი მარსზე მილიონობით წლის განმავლობაში ხელშეუხებელი დარჩება?

ჩვენ ვხედავთ, რომ დედამიწაზე არსებული ძველი, უძრავი, მკვდარი ობიექტების ბოლო, როგორც წესი, მიწისქვეშ იმალება ხოლმე. თუმცა ეს იმის ბრალია, რომ დედამიწაზე თხევადი წყალი და ფილების ტექტონიკა არსებობს, მარსზე კი მსგავსი ფაქტორები არ გვაქვს. თუმცა, საკმარისი დროის შემთხვევაში, მარსის ზედაპირზე არსებული ობიექტებიც მიწისქვეშ აღმოჩნდება.

"პლანეტებზე მეტეორები მუდმივად ცვივა, მათი ნაწილი ზედაპირამდეც აღწევს, შეჯახებების შედეგად კი პლანეტის ზედაპირზე არსებული მატერია ჰაერში იბნევა, შემდეგ კი უკან ცვივა და ზედაპირზე არსებულ ობიექტებს ფარავს", - აცხადებს ჯეფი.

თუ Opportunity მარსზე მილიონობით წლის განმავლობაში დარჩება, მას მარსი აუცილებლად ჩაყლაპავს.

Opportunity-ს დაშვების ადგილი. ფოტოზე ხომალდის სითბური ფარის ნაწილებს ვხედავთ, რომლებიც მარსმავალს დაშვებამდე მოსცილდა

Opportunity-ს დაშვების ადგილი. ფოტოზე ხომალდის სითბური ფარის ნაწილებს ვხედავთ, რომლებიც მარსმავალს დაშვებამდე მოსცილდა

ფოტო: NASA/JPL/Cornell

თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღესაც მარსზე გავემგზარებით და იქ დასახლებასაც შევქმნით. Opportunity-ს მისიის ხელმძღვანელმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რობოტის დედამიწაზე დაბრუნების გეგმა არ არსებობს, რადგან ამას არანაირი სამეცნიერო ღირებულება არ ექნება.

თუმცა, ჯეფ მორშის თქმით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანები მარსზე დასახლდებიან, ისინი კაცობრიობის მიერ გაგზავნილი რობოტების პოვნასა და შენარჩუნებას აუცილებლად ეცდებიან.

იქნებ ისინი მომავალში მარსზე აშენებულ მუზეუმებშიც კი აღმოჩნდნენ, ან შესაძლოა ის რეგიონები, რომლებიც ამ რობოტებმა შეისწავლეს, მარსის ნაკრძალებად გადაიქცეს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მარსზე ვერასდროს მივაღწევთ, Opportunity-ს კვალი შეიძლება სამუდამოდაც დაიკარგოს.

ბოლოს და ბოლოს, არ არის გამორიცხული, რომ მილიონობით წლის განმავლობაში ერთ მშვენიერ, ან უბედურ დღესაც მარსის ატმოსფეროში შემოსული მეტეორი პირდაპირ Opportunity-ს თავზე აღმოჩნდეს და ჩვენი საყვარელი მარსმავალი სრულად გაანადგუროს.