ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, 7 სექტემბერს, თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთი შავი ზღვის რეგიონში ყოფნას აძლიერებს და ზრდის კონტიგენტს ყირიმში. მიისვე თქმით, ამის საპასუხოდ, ნატო-ც აპირებს რომ გააძლიეროს შავ ზღვაში ყოფნა:

"შავი ზღვის რეგიონს და ზოგადად შავ ზღვას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს უკვე გავაკეთეთ, მაგრამ ვაპირებთ უფრო გავაძლიეროთ. ჩვენი სამხედრო სპეციალისტები გეგმავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ რეგიონის ძალისხმევის მხარდაჭერას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად".

სტოლტენბერგის თქმით, მათთვის ასეთ დროს მნიშვნელოვანია მჭიდრო კონტაქტი დაამყარონ თავიანთ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან და უკრაინასთან, შავ ზღვაში ნატოს ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში მეოთხედ იმართება. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.