"თიბისი ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად", — ასე ეხმაურება კომპანია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მოთხოვნას.

"რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. თიბისი ბანკი გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას", — აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც აქამდე, საქმიანობას აგრძელებენ თიბისი ჯგუფის ბრიტანული ჰოლდინგის TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის მფლობელი მშობელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებზე.

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას "მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა" უწოდა.

ბანკის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პროკურატურის მიერ ამოღებული დოკუმენტები ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას. ბანკში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმე ეხება კერძო კლიენტის საბანკო ოპერაციას, რასაც ვერ გაასაჯაროვებენ. პროკურატურაში არ ამბობდნენ, რა საქმესთან დაკავშირებით ამოიღეს ბანკიდან ინფორმაცია, თუმცა განმარტავდნენ, რომ დოკუმენტები ომეგა ჯგუფის საქმეს არ ეხებოდა.