საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისის ხელმძღვანელი თანამდებობიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, მიზეზი საქართველოში დაწყებული გამოძიებაა, რომლითაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებენ.

"ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე", — ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

"თიბისი ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად", — ასე ეხმაურება კომპანია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მოთხოვნას.

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას "მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა" უწოდა.

ბანკის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პროკურატურის მიერ ამოღებული დოკუმენტები ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას. ბანკში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმე ეხება კერძო კლიენტის საბანკო ოპერაციას, რასაც ვერ გაასაჯაროვებენ. პროკურატურაში არ ამბობდნენ, რა საქმესთან დაკავშირებით ამოიღეს ბანკიდან ინფორმაცია, თუმცა განმარტავდნენ, რომ დოკუმენტები ომეგა ჯგუფის საქმეს არ ეხებოდა.