როცა ლატარიაში ჯეკპოტს იგებენ, პირველი კითხვაა, თუ რაში აპირებს იღბლიანი ადამიანი მოგებულის დახარჯვას.

თუმცა, მეორე აუცილებელი კითხვაა, სურს თუ არა თავისი ვინაობის გასაჯაროება.

როცა იამაიკელმა კაცმა ჯეკპოტში 158,4 მილიონი დოლარი მოიგო, გადაწყვიტა ანონიმურად დარჩენილიყო და ჩეკის გასანაღდებლად საშინელებათა ფილმის გმირის, Scream-ის კოსტიუმით გამოცხადდა. ამის მიზეზი ადგილობრივი კრიმინალებისგან თავის დაცვა იყო.

საბედნიეროდ მას თან დანა არ ჰქონდა წაღებული.

უცნობი თავის თავს ეი კემპბელად წარადგენს. მოგებიდან 54 დღის განმავლობაში მას მოგებულზეც კი არ შეუტანია განაცხადი. თუმცა, მაშინ, როცა ლატარიის წარმომადგენლები უკვე იმედოვნებდნენ, რომ სოლიდური თანხა მათ ბიუჯეტში დარჩებოდა, მან თავი წარადგინა და ჩეკის განაღდება მოითხოვა.

როგორც გამარჯვებულმა ადგილობრივ მედიას უთხრა, როცა მოგების შესახებ შეიტყო, ცუდად გახდა:

"როცა ჩემს ბილეთს დავხედე, შევვარდი აბაზანაში და ვიძახდი, "მოვიგე! მოვიგე!". იმ დღიდან ცუდად ვიყავი. თავი სამი დღის განმავლობაში გადაბმულად მტკიოდა, რადგან ძალიან ბევრს ვფიქრობდი. ამის მერე ორი კვირა მუცელი მტკიოდა, ხანდახან ისე ცუდად ვიყავი, რომ მავიწყდებოდა, რომ მოვიგე".

ალბათ ამ თანხად 3-დღიან თავის ტკივილს ყველა დათანხმდებოდა. ზოგს შაკიკი ხომ უფასოდ აქვს.

პირველი კითხვის პასუხად, მოჩვენებისსახიანმა კაცმა აუღელვებლად უპასუხა:

"ვაპირებ სახლი ვიყიდო. საკმაოდ კარგი სახლი. ჯერ არ მიპოვნია, მაგრამ მალე დავუწყებ ძებნას".