ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა სამყარო ლივერპულელი ოთხეულის, ჯონ ლენონის, პოლ მაკკარტნის, რინგო სტარისა და ჯორჯ ჰარისონის შემოქმედების გარეშე? ალბათ არა, რადგან წარმოუდგენელიც კი არის, რომ მათი სიმღერების გარეშე სამყარო დღეს ისეთი ყოფილიყო, როგორიც არის.

სამაგიეროდ, ამაზე რიჩარდ კერტისმა იფიქრა და Notting Hill-ის და Love Actually-ის ავტორმა კიდევ ერთი რომკომის სცენარი დაწერა.

Yesterday - ასე ჰქვია დენი ბოილის ახალ სურათს, რომელიც რომკომთან ერთად მიუზიკლისა და ფენტეზის ჟანრსაც მოიცავს.

ფილმის სიუჟეტი ჯეკ მალიკის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ტრაგიკული შემთხვევა დაატყდება თავს - უიღბლო მუსიკოს ავტობუსი დაეჯახება. გაღვიძებული კი აღმოაჩენს, რომ ის ერთდერთი ადამიანია სამყაროში, რომელსაც ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის შემოქმედება ახსოვს. მიუხედავად საკუთარ თავთან დაპირისპირებისა, საბოლოოდ მალიკი ამ ფაქტს სათავისოდ გამოიყენებს და ყველაზე პოპულარული მუსიკოსიც გახდება.

იმას, თუ როგორ დასრულდება მთავარი გმირის თავგადასავალი, მხოლოდ 28 ივნისს შევიტყობთ, როდესაც ფილმი დიდ ეკრანებზე გამოვა.