"ფასდაკლება წყვილებისთვის", "მენიუ 2 პერსონაზე შეყვარებულებისათვის", "გაერთე შენს მეორე ნახევართან ერთად", — ბოლო რამდენიმე დღე აქტიურად გვხვდება მსგავსი შეთავაზებები. 14 თებერვლისთვის კომპანიები წყვილებზე არანაკლებ აქტიურად ემზადებიან.

რადგან ქვეყანაში ჰომოფობიური გარემოა და ლგბტ წყვილები ხშირად ხდებიან საჯარო სივრცეში აგრესიის მსხვერპლი, On.ge შეეცადა, გაერკვია, რომელი დაწესებულება არის ღია და აღიარებს, რომ "სიყვარული სიყვარულია". კომპანიები ვალენტინობისთვის დაგეგმილი ღონისძიებების მიხედვით შევარჩიეთ, მათ მომხმარებლის სახელით დავუკავშირდით და ლგბტ წყვილებად წარვუდგინეთ თავი იმის გასარკვევად, იგულისხმებოდა თუ არა "წყვილების შეთავაზებაში" ყველა წყვილი.

გთავაზობთ 12 ობიექტს, სადაც ვალენტინობის გატარება შეგიძლიათ:

  1. ისთ ფოინთი შეყვარებულს წყვილებს სხვადასხვა გამოწვევებს სთავაზობს. კომპანიაში ამბობენ, რომ გამოწვევაში ჩართვა ნებისმიერ წყვილს შეუძლია და ისინი თანაბარ პირობებში იბრძოლებენ პრიზების მისაღებად;
  2. რესტორანი ფუნიკულიორი წყვილებს სპეციალურ მენიუს სთავაზობს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ მენიუთი სარგებლობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ყველას შეუძლია;
  3. რესტორანი კრუიზი ვალენტინობაზე სპეციალურ მენიუსთან და გია სურამელაშვილის კონცერტთან ერთად წყვილებს გათამაშებასაც სთავაზობს, რომლის პრიზიც ორკაციანი საგზურია. მათი თქმით, კონკურსში ჩართვა ნებისმიერ წყვილს შეუძლია;
  4. ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში მდებარე Sky Bar შეყვარებულ წყვილებს ცოცხალ მუსიკას, ღვინოსა და რომანტიულ გარემოს სთავაზობს. ბარის წარმომადგენლის თქმით, პირადი საქმეა ვის აირჩევს ადამიანი მეწყვილედ და მათი შეთავაზება ყველაზე ვრცელდება;

  5. კახეთში მდებარე ლოპოტას სასტუმროების ქსელი სტანდარტულ პაკეტთან ერთად წყვილებს მასაჟზე ფასდაკლებასაც სთავაზობს. სასტუმროში ლგბტ წყვილების მიღების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობენ: "პირიქით, ეს აქცია წყვილებისთვისაა და ნებისმიერ დროს მობრძანდით";

  6. თბილისში, ესთეტიკის ცენტრი ბენიტა ვალენტინობისთვის წყვილებს მასაჟისა და პრესოთერაპიის ვაუჩერს სთავაზობს. შეთავაზებაში წერია, რომ წყვილის მასაჟი "ქალბატონებისა და მამაკაცებისთვისისაა". კითხვაზე იგულისხმება თუ არა ამ შეთავაზებაში ერთნაირსქესიანი წყვილები კომპანიაში გვპასუხობენ, რომ წყვილად მისვლის შემთხევაში მომსახურებით სარგებლობა ყველას შეუძლია;

  7. Hobnob bar and restaurant სიყვარულის დღისთვის ღვინოსა და საყვარელ სასმელებს გთავაზობთ. კითხვა, შეიძლება თუ არა გეი წყვილის მისვლა კომპანიაში გაუკვირდათ. მათი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეყვარებული წყვილის ორიენტაციას და ნებისმიერი სტუმრის მისაღებად მზად არიან;

  8. Helium Resto-Bar and Sushi Lounge მომხმარებელს სპეციალურად ვალენტინობისთვის შექმნილ დეკორაციულ დარბაზს, რომანტიულ გარემოს, წყნარ მუსიკას და გულის ფორმის კერძებს სთავაზობს. მათი თქმით, ყველას მისაღებად არიან მზად;

  9. ნებისმიერი წყვილის მისაღებად მზად არის შეკვეთილში მდებარე სასტუმრო პარაგრაფიც. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სტუმრების მისაღებად მზად არიან;

  10. ვალენტინობისთვის 2 პირს სპეციალურ ვახშამს სთავაზობს ბათუმში მდებარე რესტორანი Le Port-იც. ქალაქის ხედებით დასატკბობად და ვიოლინოს მოსასმენად ლგბტ წყვილებს თამამად შეუძლიათ ამ რესტორნის მონახულება;

  11. სპორტულ კომპლექს Sport Time-ში 14 თებერვალს წყვილებისთვის ფასკდალება აქვთ. ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ფასდაკლებით სარგებლობა ნებისმიერ წყვილს შეუძლია;
  12. თუ შეყვარებულთან ერთად სუფთა ჰაერზე გსურთ დასვენება სასტუმრო Kazbegi Inn თქვენს მისაღებად მზად არის. ადმინისტრაციის განმარტებით, ისინი ნებისმიერი სტუმრის კომფორტზე ზრუნავენ.

ეს სია სრულ სურათს არ ასახავს. თუმცა, გარდა ამ დაწესებულებებისა, არაერთი ღია და მეგობრული კომპანიაა, სადაც შეგიძლიათ ვალენტინობა საყვარელ ადამიანთან ერთად აღნიშნოთ.