შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებულმა მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. დაკავებული სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომელი ზაალ ლატარიაა.

ნაციონალურ მოძრაობაში On.ge-ს განუცხადეს, რომ დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრი და მხარდამჭერია. ის წინასაარჩევნო პერიოდში სოფელ კოლხიდაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელიც იყო.

შსს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა და ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის
გავრცელების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აწარმოებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული. გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.

ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ორივე შემთხვევაში დეპუტატმა საჯაროდ თქვა, რომ ეს ვიდეომასალა მას ფარულად გადაუღეს. ვიდეომასალის გავრცელებას წინ უსწრებდა ბესელიას დაპირისპირება იმ 10-კაციან სიასთან, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად უნდა გამწესებულიყო.