შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 87 წლის ქალი ცემისა და ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ქალს თავი გაზის კომპანიის თანამშრომლებად წარუდგინეს და ბინაში მოტყუებით შევიდნენ.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელები შეუკრეს და ბინიდან სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ოქროს სამკაულები მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბათუმში დააკავეს. ნაძარცვი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.