"დღეს, ჩრდილოატლანტიკური საბჭო თბილისში შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ერთგულება და ვალდებულებები თქვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას",- ამის შესახებ 7 სექტემბერს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მხოლოდ რეფორმების გზაზე არ მოძრაობს, არამედ, ქვეყანას აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა იმოძრაოს ნატოს წევრობისაკენ:

"ჩვენ ჩავატარეთ ძალიან პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა, ნატო - საქართველოს კომისიის ჩარჩოებში. ჩვენ წარვმართეთ დისკუსია საქართველოს წვლილზე ქვეყნის ერთობლივი უსაფრთხოების სფეროებში და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების თემებზე. საქართველომ სერიოზული წვლილი გაიღო ჩვენი ერთობლივი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიზნებისათვის".

მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოში იმყოფება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სრული შემადგენლობა:

"მოხარული ვარ, რომ თბილისში მიმიღეთ არა მხოლოდ მე, არამედ მთლიანად ჩრდილოატლანტიკური საბჭო. აღნიშნული გახლავთ ძალიან სერიოზული გზავნილი და მხარდაჭერისა და პარტნიორობის დამადასტურებელი საქართველოსა და ნატოს შორის. ჩვენი პარტნიორობა ძალიან მყარია და კიდევ უფრო ძლიერდება".

იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ალიანსში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული გზით წარმართვის დიდი მოლოდინი არსებობს:

"საქართველოს ურყევი პროგრესის ჭრილში ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. აღნიშნული ნატოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ესაა ღირებულებებზე დამყარებული ერთობა".