პრემიერ მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენციისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებმა საქართველოს პროგრესი აღიარეს. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ალიანსში გაწევრიანების კურსს:

"დღეს ალიანსის მიერ საქართველო აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და თავსებადი პარტნიორი, რომ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ეხმარება ჩვენს ქვეყანას თავდაცვისუნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებაში".

კვირიკაშვილმა ასევე შეხვედრის მიმდინარეობაზეც ისაუბრა:

"გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ორმხრივი შეხვდერა გენერალურ მდივანთან. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა გამეცნო მისთვის საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და განგვეხილა ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი წარმოების პერსპექტივები, მათ შორის კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით".

გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა რომ მთავრობა მოწადინებულია, არჩევნები დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების თანახმად ჩაატაროს.