ამერიკის კრიმინალურ ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ, სერიულ მკვლელთა ძალიან დიდ სიას შევამჩნევთ. მიუხედავად საგამოძიებო ტექნიკის განვითარებისა, სერიულ მკვლელთა საქმეების გახსნას მაინც დიდი დრო სჭირდება, რასაც აშშ-ში მომხდარი კიდევ ერთი შემთხვევა ადასტურებს.

ამჯერად, საუბარია 78 წლის სამუელზე, რომელიც თითქმის 100 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული. ამ ამბავში უცნაურია ისიც, რომ FBI მისი მსხვერპლების ამოსაცნობად მკვლელის მიერ დახატულ პორტრეტებს იყენებს. ფედერალურმა ბიურომ სამუელის 16 ნახატი გამოაქვეყნა, რომელზეც სხვადასხვა ქალია გამოსახული. მათი უმეტესობა 1970-იდან 1990 წლამდე შუალედშია მოკლული.

სერიული მკვლელის მიერ დახატული მსხვერპლების პორტრეტები

სერიული მკვლელის მიერ დახატული მსხვერპლების პორტრეტები

ფოტო: FBI

FBI-ის ცნობით, პორტრეტების უმრავლესობა, სერიული მკვლელის მოგონებების მიხედვით, ახლახან არის დახატული. ბიურო იმედოვნებს, რომ მსხვერპლის ოჯახის წევრები, მეზობლები ან მეგობრები მათ იდენტიფიკაციას ნახატებით შეძლებენ.

მისი მსხვერპლები, ძირითადად, ნარკომომხმარებელნი ან სექს-მუშაკები იყვნენ. მკვლელმა უკვე აღიარა 90 ადამიანის მკვლელობა, თუმცა Los Angeles Times-ის მიხედვით, პოლიციას ჯერ მხოლოდ 36 საქმე აქვს გახსნილი.

“გვინდა, მოკლულ ქალებს იდენტობა და მათ ოჯახებს - დიდი ხნის გაუცემელი პასუხები დავუბრუნოთ. ამჯერად, მხოლოდ ეს შეგვიძლია”, - ამბობს FBI.