"როგორც ასპირანტ ქვეყანას საქართველოს გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისათვის და ნატო ერთგულია საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა ამ გზაზე", - ამ სიტყვებით გახსნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 2 დღიანი ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი საგანი იქნება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებისას მიღწეული პროგრესი:

"მინდა ხაზი გავუსვა თქვენს მიღწევებს, რომლებიც წინა წლებში გქონდათ, ასევე ხაზი გავუსვა იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებმა გაიღეს, საერთო უსაფრთხოებისათვის. ჩვენ დავამტკიცეთ დამატებითი ზომები, რათა გავაღმავოთ უკვე ძლიერი თანამშრომლობის მექანიზმები".

ამ წუთებში კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში მეოთხედ იმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.