"ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია საქართველოში" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა. შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა მიმდინარე წლის 8 თებერვალს გამოსცა.

სააგენტოს ინფორმაციით, სტატუსის მინიჭების ინიციატორები აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე და ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი იყვნენ. ბარათის შედგენაში მონაწილეობდნენ ლიანა ღუდუშაური, ლუარა ჭანტურია, ლია მელიქიშვილი, თინათინ სადუნიშვილი, ნანა გელაშვილი.

საქართველოში ქალთა საბჭოს საქმიანობის ისტორია 1921 წელს იღებს სათავეს და ლიდა გასვიანის, ვარო ჯაფარიძის, მარიამ ორახელაშვილის და სხვა, იმ დროისთვის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ქალების სახელს უკავშირდება. სხვადასხვა დროს ორგანიზაცია იბრძოდა ქალთა შრომის უფლებების დაცვის, ბავშვებისა და მოზარდების განათლების, სახელმწიფოს მმართველობაში ქალთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ისინი იბრძოდნენ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, პატიმარი ქალების რესოციალიზაციასა თუ დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის.

საქართველოს ქალთა საბჭო 1995 წლიდან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი, სახალხო ორგანიზაციაა. 2014 წლიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ 10 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობები. საქმიანობა წარმოებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგიონალური ქალთა საბჭოების დახმარებით. საბჭო, მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს 16 სხვადასხვა ეროვნების კომიტეტთან. დღეისათვის ორგანიზაციაში 3 000-ზე მეტი ქალია გაერთიანებული.