3 სექტემბერს, ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც დანაგვიანებული მდინარე სურამულაა აღბეჭდილი.

მდინარის დაბინძურების მიზეზების გასარკვევად On.ge ხაშურის გამგეობას დაუკავშირდა. მათი თქმით, მოსახლეობას აქვს ყველანაირი პირობა, რომ ნაგავი მდინარეში არ ჩაყაროს:

"მდინარე სურამულა წელიწადში ორჯერ გაზაფხულობით და შემოდგომობით იწმინდება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტში, ყველა სოფელს ემსახურება დასუფთავების სამსახური, დადიან ნაგვის მანქანები, დგას ურნები ხაშურსა და სურამში. ასე რომ, მოსახლეობას არ აქვს იმის პრობლემა, რომ ნაგავი მდინარეში ჩაყაროს მაინც. მაგრამ, სამწუხაროდ ხდება ასე".

ხაშურის გამგეობის პრესსამსახურის თანამშრომელი ნინო სუხიაშვილი ამბობს, რომ სოფლებში დასუფთავების მანქანები კვირაში ორჯერ დადიან და არის სოფლები, სადაც ურნები არ დგას.

"სოფლებში ყველგან არ დგას ურნები, მაგრამ ყველა სოფელში დადის დასუფთავების მანქანა. ყოველდღე ყველგან ვერ დადის. დადის კვირაში ორჯერ. ეს არის ის მაქსიმუმი, რასაც ჩვენ ვახერხებთ. მეც ისეთ უბანში ვცხოვრობ, სადაც კვირაში ორჯერ დადის მანქანა და ვაგროვებთ და ვატანთ და მდინარეში არ ვყრით ნაგავს. ცოტა მოსახლეობამაც რომ შეგვიწყოს ხელი და ერთობლივი ძალებით რამეს მივაღწიოთ ცუდი არ იქნება".