შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ პირს შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

ხელთუბნის მოსახლეობამ თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის სიკვდილის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით გადაკეტა. გზის გადაკეტვას სამართალდამცავები უშლიდნენ ხელს, რამაც დაპირისპირება და ხმაური გამოიწვია.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ მერებაშვილი მოკლულია, თუმცა პოლიცია საქმეს უბედური შემთხვევის მუხლით იძიებს. მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.