საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს იმ შეთანხმებების იმპლემენტაცია, რომელიც მიღწეულ იქნა ვარშავის სამიტზე:

"ნატო - საქართველოს საბჭოს შეხვედრა საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პროცესის შეუქცევადობას, რომელსაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია. რადგან, როგორც წესი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტები არაწევრ სახელმწიფოებში არ ხდება და ამავე დროს, ეს საბჭოს მეოთხე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩენს, საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საერთოუსაფრთხოებაში".

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს 7 სექტემბერს ეწვია. დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში კი, შედიან ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.