ტელეკომპანია მაესტროს გენერალური პროდიუსერი გიორგი ფუტკარაძე არხიდან წავიდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ჰოლდინგის ხელმძღვანელობა არხთან დაკავშირებით სხვა გეგმებზე ფიქრობს, რაც მისთვის საინტერესო აღარ არის.

"ამ წუთიდან ჩემი და ტელეკომპანია მაესტროს გზები გაიყო. რთული პერიოდი გამოვიარეთ მაესტროს გუნდთან ერთად. ეს იყო პოლიტიკურ რთული დღეებიც და, შესაბამისად, ნიუსურადაც. ვინც ამ პროფესიის ფასი იცის, ისიც იცის რა ადამიანური ფასი აქვს ყოველ დღეს და გათენებულ ღამეებს, მაგრამ ადამიანების შრომამ შექმნა შედეგი, რომლითაც ვიამაყებ და რომელიც ჩემს ჟურნალისტურ ცხოვრებაში დაუვიწყარია", — წერს გიორგი ფუტკარაძე.

ის წერს, რომ "ზოგჯერ სახლში უნდა დაჯდე და გარედან შეხედო ამბებს, რადგან ახალი ამბები არასდროს სრულდება".

ტელეკომპანია მაესტრომდე გიორგი ფუტკარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. საზოგადოებრივი მაუწყებელი მან 2017 წლის 18 ივლისს დატოვა.