გორის მერიის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ მანველიშვილს, რომელმაც აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვიანი ვედრო დაამხო, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა. თეიმურაზ მანველიშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას თანამდებობის გამოყენებით.

2018 წლის 10 ოქტომბერს მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას აქტივისტები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქციას ატარებდნენ. მათ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ პურის მარცვალი და ნაკელი დაყარეს.

აქციის დასრულების შემდეგ, აქტივისტები კიბეებს ასუფთავებდნენ, რა დროსაც მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უკვე ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქტივისტ გიორგი მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დაამხო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადმინისტრაციის უფროსს მხოლოდ საყვედური გამოუცხადა. როგორც მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა On.ge-სთან საუბრისას თქვა, აღნიშნული გადაწყვეტილება მერმა იურიდიულ სამსახურთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.