მოქალაქე გიორგი ქუთათელაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში "გენდერიზმის პროპაგანდა" ხდება. ამ თემაზე მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ის საზოგადოებას "შეძრული პედაგოგებისა და ლექტორების" სახელით გაეცნო.

მისი თქმით, "პედაგოგები ხმას უერთებენ" პატრიოტთა ალიანსის წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების: "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" ამოღებას ითვალისწინებს.

"პარლამენტისგან ვითხოვთ, ეს კანონი მოვიდეს შესატყვისობაში, როგორც საჭიროა ჩვენი ერის ზნეობისა და მორალის სასარგებლოდ. ქართველი ადამიანი და ქართული ტრადიციები, ინტერესები უნდა იყოს დაცული და გამოხატული", — თქვა მან და აქვე აღნიშნა, რომ საქართველოში საზოგადოება გარდაცვლილი არ არის.

გიორგი ქუთათელაძე ამბობს, რომ ის პედაგოგთა ასოციაციას "განათლება და ზნეობა" წარმოადგენს.