ქართული ოცნების დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივა არაკონსტიტუციურია. მისი შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა "პოლიტიკური წინადადებაა".

"არც ერთი მეორე კლასელი იურისტი ან პირველკურსელი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, იმდენად გასულია ეს ინიციატივა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, კონსტიტუციის შინაარსიდან და მიღებული კანონის აქტებიდან", — აღნიშნა ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილი ის დეპუტატია, რომლის "სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან" კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ. TI-ს ინფორმაციით, სწორედ ის იყო მმართველი პარტიისა და "სასამართლოს კლანური მმართველების" საერთო საკონტაქტო პირი. ზარდიაშვილს დეკემბრის ბოლომდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კომიტეტის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თქვა, რომ "თავმჯდომარის თანამდებობას მას ვერ დაუტოვებდა".

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი, მათ შორის ეკა ბესელია და მისი მხარდამჭერები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების მოთხოვნით საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენეს. საკანონმდებლო ინიციატივით უნდა შეჩერდეს მოსამართლეების გამწესება უვადოდ, პირველ და მეორე ინსტანციაზე ანუ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში.

"საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში სპეციალური მუხლია. ამ ჩანაწერით 2024 წლის 31 დეკემბრამდე ანუ 2025 წლამდე შეიძლება იუსტიციის საბჭომ არ გამოიყენოს უვადოდ დანიშვნა და პირველად გამწესების შემთხვევაში მოხდეს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება", — განაცხადა ეკა ბესელიამ.