ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. მათ მიაჩნიათ, რომ მამალაძის საქმეზე ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტური სტანდარტები.

მათი თქმით, საქმეზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება კანონის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით მოხდა, რაც მტკიცებულების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს. ამის მაგალითად მათ მოჰყავთ დეკანოზის ბარგის ჩხრეკის ეპიზოდი, რომელიც ვიდეოგადაღებისა და დეკანოზის დასწრების გარეშე განხორციელდა. მათი თქმით, ამ ფორმით ძირითადი მტკიცებულების მოპოვება განაჩენის კანონიერების საკითხს სადავოს ხდის.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესიც. კერძოდ, განაჩენებში სასამართლო უთითებს დაცვის მხარის ვალდებულებაზე გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, მაშინ როცა კანონით, მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს (პროკურატურას) ეკისრება.

მათი თქმით, საქმის განხილვის პროცესში დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპიც, როცა ორივე ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად დახურა სხდომა, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა შეამცირა. გარდა ამისა, მამალაძის ადვოკატებს პროკურატურამ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე შეუზღუდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, გაუხმაუროებლობის პირობის ჩამორთმევით.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ ამ პროცესუალური დარღვევების მიღმა პრობლემურია მამალაძისთვის ბრალდების სამართლებრივი შეფასების და კვალიფიკაციის საკითხი. მათი განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად "დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა". დანაშაულის პირობებში კი მოიაზრება მათ შორის "ინფორმაციის მოძიება, დანაშაულებრივი ქმედების განზრახვა და სხვა ქმედებები".

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ კანონმდებელი აქცენტს პირობების და არა პირობის შექმნაზე აკეთებს, რაც ნიშნავს, რომ ამ კვალიფიკაციისთვის აუცილებელად უნდა დგინდებოდეს ყველა პირობის არსებობა. NGO-ების განმარტებით, მამალაძის განაჩენი ყურადღებას არა პირობებზე, არამედ ერთ პირობაზე ამახვილებს, კერძოდ, მის მიერ ინტერნეტის საშუალებით დანაშაულის საგნის შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე და არ ასაბუთებს დანაშაულის მომზადებისთვის აუცილებელი ელემენტის — განზრახვის არსებობას.

არასამთავრობოების განცხადებით, პირველივე დღეებიდან, მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან, რამაც განაჩენის გამოტანამდე შექმნა საზოგადოებრივი განწყობა მის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. აქედან გამომდინარე ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა მამალაძის მიმართ შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველო (TI)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)