აშშ-ში ბიუჯეტთან დაკავშირებით რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა შეთანხმებას ისევ ვერ მიაღწიეს და შესაძლოა, ფედერაციული სამსახურების ნაწილმა მუშაობა ისევ შეაჩეროს. 15 თებერვალს მთავრობის დროებითი მუშაობის ვადა გადის.

მოლაპარაკების მონაწილეებს იმედი ჰქონდათ, რომ შეთანხმება ორშაბათისთვის, 11 თებერვლისთვის მიაღწევდნენ, რათა ბიუჯეტის დასამტკიცებლად კონგრესისთვის დრო მიეცათ. მოლაპარაკებებში სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის 17 წევრი მონაწილეობს.

ისტორიული 35-დღიანი ე.წ. შათდაუნის შემდეგ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის მუშაობა დროებით 25 იანვარს აღადგინა. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი მექსიკის კედლის პროექტის დაფინანსებაა. ტრამპი დაპირებული კედლისთვის $5,7 მილიარდს ითხოვს. მთავრობის მუშაობის აღდგენის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატებს კედლის დაფინანსება მაინც მოუწევდათ.

ამჯერადაც დემოკრატები კედლისთვის თანხის გამოყოფაზე უარს ამბობენ. ისინი მოითხოვენ, რომ საიმიგრაციო სამსახურმა მხოლოდ კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტები დააკავოს და არა ისინი, ვისაც ვადაგასული ვიზა აქვს. მათ სურთ, რომ საიმიგრაციო ცენტრებში მხოლოდ პოტენციური დამნაშავეები ამყოფონ და ცენტრებში ადგილების რაოდენობა 16,5 ათასამდე შემცირდეს. გარდა ამისა, მონაწილეებმა კედლის დაფინანსების $1,3-2 მილიარდამდე შემცირებაც განიხილეს.

კედლის დაფინანსებისა და ცენტრებში ადგილების შემცირების იდეა არ მოეწონა დონალდ ტრამპს და თავისი უკმაყოფილება მან ტვიტერზე გამოხატა. პრეზიდენტის თქმით, დემოკრატები კედლისთვის ძალიან მცირე თანხას გამოყოფენ. გარდა ამისა, მან დემოკრატების საქციელს ირაციონალური უწოდა და დაანაშაულა, რომ "მკვლელების დაპატიმრება არ სურთ".

აშშ-ში 22 დეკემბრიდან 26 იანვრამდე მთავრობის დახურვის გამო ქვეყნის ეკონომიკამ სულ ცოტა $6 მილიარდით იზარალა.