ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიეჟში მისივე ორგანიზებულ "თანამემამულეთა მსოფლიო კრებაზე" სიტყვით გამოსვლისას მოწინააღმდეგეებს გამოეხმაურა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ კონგრესის სასახლესთან შეკრებილები "ბოროტება, ბოღმა და სიბნელე არიან".

"იქეთ მხარეს არის ბოღმა და აქეთ არის განათებული სახეები ინტელექტუალური ადამიანების... იქეთ არის სიბნელე და აქეთ არის სინათლე და განათლება... იქით არის საბოლოო ჯამში ბოროტება, რომელიც კლავს, აუბედურებს", — განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილები საქართველოს ხელისუფლების მიგზავნილი სუსის აგენტები არიან.

სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას დარბაზში თემურ შაშიაშვილი გამოჩნდა. მის დარბაზიდან გაყვენას ხმაური მოყვა. თუმცა, სააკაშვილს სიტყვა არ შეუწყვეტია, შეკრებილები კი "მიშას" სკანდირებდნენ

"თანამემამულეთა მსოფლიო კრება" და დაპირისპირება ლიეჟში

კონგრესის სასახლესთან სადაც "თანამემამულეთა მსოფლიო კრება" მიმდინარეობს ექსპრეზიდენტის საწინააღმდეგო აქცია იმართება. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ რომ ისინიც ემიგრანტები არიან და სააკაშვილს მათი სახელით საუბრის უფლება არ აქვს.

კონგრესის სასახლესთან ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, როცა სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა შენობაში შესვლა სცადა, თუმცა ორგანიზატორებმა მათ პროვოკატორები უწოდეს და შესვლის უფლება არ მისცეს. დაპირისპირებისას გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. შეხვედრის დაწყებამდე ორგანიზატორი გიორგი სიგუა აცხადებდა, რომ აქვთ ინფორმაცია მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურდათ კითხვები დაესვათ სააკაშვილისთვის, თუმცა ეს "სექტის შეკრებაა" და განსხვავებული აზრის მოსმენა არ სურთ. ამიტომ მათ ბანერები გაშალეს და შენობის გარეთ აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებს აქვთ მოძრაობა არა ნაციზმის საპროტესტო ბანერები. ეს მოძრაობა საქართველოში წინასაარჩევნო პეროდში ჩამოყალიბდა.