ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ დეკანოზი გიორგი მამალაძის პატიმრობაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ღიად დაადანაშაულა. მისი თქმით, მამალაძე უკანონო პატიმარია და ამაზე პასუხისმგებელი ილია II და მისი გარემოცვაა.

გარდა ამისა, მეუფე პეტრემ დაადანაშაულა ხელისუფელბის სამივე შტოც და განაცხადა, რომ უკვე მეორე წელია მამალაძე აბსურდული, ცრუ ბრალდებით ზის ციხეში.

საპატრიარქოს კონკრეტული ჯგუფების ტყვე უწოდა დღეს დეკანოზ მამალაძეს მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ. დეკანოზის დაკავებიდან 2 წლისთავზე მან მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოსთან აქცია გამართა. აქციაზე ორი მოთხოვნა გააჟღერეს: დეკანოზ გიორგი მამალაძის დაუყოვნებელი ზიარება და მისი გათავისუფლება.

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.