ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ სოფელ ხურვალეთში ე.წ. საზღვართან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სათვალთვალო კოშკს აშენებენ.

პროცესს მთელი დღის განმავლობაში ქართული პოლიცია, საერთაშორისო დამკვირვებლები და ქართული მედია აკვირდებოდა — მათ შორის იყო "ხურვალეთის მცველიც".

ეს უსაყვარლესი შავი ძაღლის ზედმეტსახელია, რომელიც მას პირველი არხის ჟურნალისტმა, გურამ როგავამ შეარქვა.

ფოტო: გურამ როგავა

"პოლიციელების თქმით, ეს ძაღლი ერთადერთია, ვისაც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო ოკუპანტები არ აკავებენ და არ აჯარიმებენ", — ამბობს გურამი On.ge-სთან საუბრისას.

ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ ხურვალეთის მცველი მთელი დღის განმავლობაში მავთულხლართებთან დარბოდა და შიგადაშიგ გულწრფელი ჩახუტებითა და ლოკვით ამხნევებდა.

როგორც ჩანს, ეს უსაყვარლესი ძაღლი უპირატესობას თავისუფლად ცხოვრებას ანიჭებს, თუმცა მოფერებასა და სითბოზე უარს არასდროს ამბობს.