საქართველოს საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან ორი წლისთავზე აქცია გაიმართა. პროტესტის ადგილზე შეიკრიბნენ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები. აქციაზე მივიდა ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე, ასევე ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია.

მამალაძის ოჯახის წევრებმა ორი მოთხოვნა გააჟღერეს: დეკანოზ გიორგი მამალაძის დაუყოვნებელი ზიარება და მისი გათავისუფლება. დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის, თქმით გიორგი მამალაძე საპატრიარქოს კონკრეტული ჯგუფების ტყვეა მატროსოვის ციხეში, რომელთაც მის დაკავებაში გარკვეული წვლილი მიუძღვით. მისივე თქმით, საპატრიარქოს განცხადება მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით არის უპასუხისმგებლობა და უსამართლობა.

აქციის მონაწილეებს უკვე მეექვსე დღეა საკუთარი მოთხოვნების შესრულების მოტივით საპატრიარქოსთან კარავი აქვთ გაშლილი, მათი თქმით პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ საპატრიარქო მოთხოვნებს არ შეასრულებს.

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.