კომპანია m²-ს შავიშვილის ქუჩაზე ოთხ 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან ერთად ეკლესიის აშენებაც სურს. კომპანიის ცნობით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ეკლესია 725 მ² მიწის ნაკვეთთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში გადაეცემა.

დეველოპერული კომპანია m² თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში ე.წ. ხრუშოვკებში მაცხოვრებლებს თავიანთი ბინების სანაცვლოდ, ახალაშენებულ კორპუსებში გადასვლას სთავაზობს. კომპანია ჩანაცვლების პროექტის განხორციელებას შავიშვილის ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივ" კორპუსსა და ქავთარაძის ქუჩას შორის ტერიტორიაზე გეგმავს.

ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მშენებლობის გასაპროტესტებლად უნივერსიტეტის "მაღლივ" კორპუსთან აქცია გამართეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს სივრცე რეკრეაციული ზონაა და აქ მშენებლობა დაუშვებელია. სარეკრეაციო სივრცის დაცვის თხოვნით მცხოვრებლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქის მერს განცხადებით მიმართავენ.

On.ge-ს მერიაში განუცხადეს, რომ სტატუსის შეცვლაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ტერიტორია ამ დრომდე რეკრეაციულ ზონად რჩება.

უწყების ცნობით, 2015 წელს თბილისის საკრებულომ განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული ვარიანტი დაამტკიცა. თბილისის მერიის მიერ On.ge-სთვის მოწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გეგმის მიხედვით რეკრეაციული ზონა უნდა შეცვლილიყო საცხოვრებელ ზონად, თუმცა 2016 წელს ეს საკითხი მერიამ გააჩერა.

იურისტის, ინიციატივა საჯარო სივრცისთვის წარმომადგენელი, ანანო ცინცაბაძე აცხადებს, რომ მაღლივის მიმდებარე ტერიტორიას ამ დრომდე აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი და ეს სტატუსი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ანანო ცინცაბაძის თქმით, m²-მა 2015 წელს მიმართა მერიის ზონალურ საბჭოს ამ ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლის საკითხზე, ზონალურმა საბჭოს გასცა რეკომენდაცია, რომ სტატუსი შეცვლილიყო, თუმცა საკრებულოში ზონალური საბჭოს რეკომენდაციის განხილვა შეჩერდა. შესაბამისად, არ შეცვლილა ტერიტორიის სტატუსი და ის ისევ სარეკრეაციო ზონაა.

თბილისის მერიაში ასევე აცხადებენ, რომ 2017 წელს შემუშავდა 41-ე დადგენილება. ეს არის ტექნიკური რეგლამენტი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების შესახებ. მერიაში განმარტავენ, რომ 41-ე დადგენილების გამო m²-ს განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირება მოუხდა, რადგან არქიტექტურულ პროექტებს ვერ განახორციელებდნენ და ვერ აიღებდნენ მშენებლობის ნებართვას.

"კორექტირებული პროექტი, რომელიც მორგებულია ყველა მოქმედ კანონმდებლობას 2018 წლის სექტემბერში შემოიტანეს და მას შემდეგ გაჩერებულია", — განმარტავენ მერიაში.

კომპანია m²-ში ირწმუნებიან, რომ ეს ტერიტორია არ არის სარეკრეაციო ზონა.

"2015 წლის კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმით დადგინდა ახალი უფლებრივი ზონირება, რომელმაც იურიდიულად გადაფარა 2009 წელს დადგენილი ფუნქციური ზონები ამ ტერიტორიისთვის", — აცხადებენ კომპანიაში.

მაღლივის ტერიტორიაზე მშენებლობის წინააღმდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები მერიას მოუწოდებენ არ დაამტკიცონ განახლებული განაშენიანების რეგულარული გეგმა, რაც სარეკრეაციო ზონის ცვლილებას გამოიწვევს და m²-ს მშენებლობის უფლება მიეცემა.