დღეს, 9 თებერვალს m²-ის მშენებლობის გასაპროტესტებლად უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის უკან აქცია გაიმართა. სწორედ, ამ ადგილას გეგმავს კომპანია ოთხი 13-სართულიანი კორპუსის მშენებლობას.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს სივრცე რეკრეაციული ზონაა და აქ მშენებლობა დაუშვებელია. სარეკრეაციო სივრცის დაცვის თხოვნით მცხოვრებლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქის მერს განცხადებით მიმართავენ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მიმართვაში ისინი ახსენებენ ქალაქის მერს დაპირებას, რომ ქალაქში მწვანე სივრცეს დაიცავდა. ასევე აცხადებენ, რომ მერიამ არ უნდა დაუშვას ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის სტატუსის მოხსნა.

On.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ m²-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.